საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების – ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.
მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულად იქნენ ინფორმირებული. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გავლებულ იქნა მავთულხლართები.
აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს
11/08/2017