საგარეო საქმეთა მინისტრმა კანცლერის მრჩეველთან ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა

18/02/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იან ჰეკერთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივ თანამშრომლობას, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და უსაფრთხოების გარემოს რეგიონში.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ამ მიმართულებით.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობის მინიჭება და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობას და ბოლო პერიოდში ამ პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს, რაც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უვიზოდ გადაადგილების წესების დარღვევას და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებას. გერმანულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება ითანამშრომლოს საქართველოსთან აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ცალკეულ ინიციატივებს ამ მიმართულებით. საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ არსებული პროგრესის გათვალისწინებით აღინიშნა გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის მნიშვნელობა, გერმანულმა მხარემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ იგი აქტიურად განიხილავს ამ წინადადებას და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას და საერთაშორისო ფორმატებში ეფექტურ თანამშრომლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0