საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, თაჯან ილდემთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და აღინიშნა ამ გზაზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარებმა ხაზი გაუსვეს ნატო-საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ასპარეზზე დეზინფორმაციის გავრცელებისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს და ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მინისტრმა ისაუბრა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ნაბიჯებზე და საინფორმაციო კამპანიაზე. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას და ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც ზოგადად მთავრობაში და კონკრეტულად თითოეულ უწყებაში ამ მიმართულებით ხორციელდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში.
საგარეო საქმეთა მინისტრი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
10/04/2017