საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ

08/01/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანი, ხოლო მინისტრის მოადგილედ ზვიად გონაძე დაინიშნა.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, დავით ზალკალიანს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2012-2014 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2004-2007 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2015 წლიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი.

რაც შეეხება ზვიად გონაძეს, მას საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. 2012–2016 წლებში სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში. ასევე, იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი.

ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება – 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.

საგარეო საქმეთა მინიტრს მოადგილის პოზიციებზე ასევე, რჩებიან დავით დონდუა, დავით ჯალაღანია, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0