საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესი, – ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, პროცესი არ ეფუძნებოდა კანდიდატთა პროფესიული საქმიანობის სამართლიან და ობიექტურ შეფასებას.
“ისევე როგორც წინა წლებში, სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები, თუმცა მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანაგარიშში.
ანგარიშის თანახმად, დადებითად არის შეფასებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება. როგორც ანგარიშშია საუბარი, საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებასთან დაკავშირებით.
“თუმცა სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.