პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან უკვე ტრადიციად ქცეული მორიგი შეხვედრა გამართა და ქვეყანაში მიმდინარე ძირითად პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა. მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საუბარი მმართველ კოალიციაში მიმდინარე საკითხებით დაიწყო და მრავალპარტიულ მმართველობასა და წინასაარჩევნო პერიოდში სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია თუ რა ტიპის საარჩევნო წესებით და რა კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი მმართველი გუნდი, იქნება ეს მრავალპარტიული კოალიცია თუ ერთპარტიული მმართველობა.
დავით უსუფაშვილი: „არჩევნებზე ვინ, რა სუბიექტი რა კონფიგურაციით გავა ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრე. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში პირველად მოხერხდა ის, რომ ქვეყანა ოთხი წლის განმავლობაში მრავალპარტიულმა კოალიციამ მართა, ასეთი რამ საქართველოს არ ახსოვს, არადა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სადემონსტრაციო ნიშანი იმისა ქვეყანა ევროპის გზაზეა თუ რამე სხვა გზაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ევროპული დემოკრატია ეფუძნება მრავალპარტიულ დემოკრატიას და არა ერთპარტიულ მმართველობას“. დავით უსუფაშვილი უშუალოდ კოალიციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიცია კონკრეტული მიზნების ირგვლივ ერთიანდება და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა ამ ერთობის საკითხი გადაიხედოს.
„აქ მე მინდა ყველას მივმართო და მოუწოდო ცოტა უფრო სიღრმისეული და მშვიდი მსჯელობისკენ, იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ არჩევნებზე კოალიცია რა კონფიგურაციით წარსდგება ეს არის მომავლის საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მსჯელობისას ან ამ საკითხის გარკვევისას, დღეს კოალიციას რაიმე საფრთხე უნდა დაემუქროს. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ოთხი წლით, ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ მზად იმისთვისაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ერთი პასუხისმგებლობით, ერთიანი გუნდით ვმართავთ ქვეყანას, ხოლო მომავალ არჩევნებზე შეიძლება სხვანაირად იყოს ეს ყველაფერი“
პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს შეეხება და აღნიშნა, რომ ამ ტემის ირგვლივ ბოლო დღეებში გარკვეული სპეკულაციები გაისმა. „ძალიან მკაფიოდ და გასაგებად მინდა განვმარტო – ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაზე, ეს არის სრულიად ბუნებრივი ამბავი, იმიტომ რომ მომავალ კოალიციურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა ჩვენთვის, რესპუბლიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება კოალიციის მთავარ წამყვან პოლიტიკურ ძალასთან – პარტია „ქართულ ოცნებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აქვე აღნიშნა: – „ჩვენ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც გადასადგმელი იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე, უახლოეს ხანებში ჩვენ ამის თაობაზე გვექნება სიცხადე. სიცხადე, რომელიც ჭირდება კოალიციას, პარტიებს, ქვეყანას და ყველას“.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო ძალა, პოლიტიკური კოალიცია და მასში შემავალი სუბიექტები სახელისუფლებო პასუხისმგებლობით დატვირთული არიან და სამომავლო გეგმებმა ხელი არ უნდა შეუშალოს მიმდინარე საკითხების საქმიან განხილვას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წელს შექმნილ პოლიტიკურ კოალიციასა და მის მიზნებზეც ისაუბრა და დღეისათვის კოალიციის წინაშე არსებულ საკითხებსაც შეეხო, რომლებიც ერთმანეთისგან, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება.
დავით უსუფაშვილი: „ჩვენ ერთის მხრივ ვასრულებთ ერთად ყოფნის ერთ ეტაპს, კოალიციური ცხოვრების ეტაპს, რომელიც სრულდება ოქტომბერში არჩევნებით, მეორე მხრივ კი ვემზადებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ეს ორი ეტაპი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან – პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი, მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ ქვეყნისთვის არა რომელიმე ბოროტების გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად. ამიტომ კოალიციური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე რომლის აუცილებლობა ოთხი წლის წინ შეიძლება არ იყო, დღეს დგას და კიდევ ვიმეორებ ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა, როდესაც კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ პუნქტებს: განათლებაში კონკრეტულად რას ვგეგმავთ ამ დროის განმავლობაში, ქართული კულტურის განვითარებაში და პოპულარიზაციაში რას ვგეგმავთ ერთად, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებში რა გეგმები გვაქვს ოთხი წლის განმავლობაში. როგორ წარმოგვიდგენია ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტული გამოყენება ისე რომ თვითეულმა მოქალაქემ იგრძნოს მისი ხიბლი და სარგებლიანობა. ამ ყველაფერზე აუცილებელია შეთანხმება, მუშაობა. მე მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ასე უყურებს საკითხს და ჩვენ უახლოეს ხანებში ამ თემაზე გვექნება კონსულტაციები. არავის არ აქვს განსაკუთრებული სიხარულის ან უბედურების საფუძველი კოალიციაში შემავალ პირებს თუ პარტიებს და კოალიციის გარეთ მყოფ პირებს. მე ყველას მივმართავ რომ მზად იყვნენ მსგავსი პროცესისთვის სრულიად მშვიდად და წყნარად“.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, საგაზაფხულო სესიის გეგმებს და იმ ძირითად საკანონმდებლო პაკეტებს შეეხო, რომელთა მიღება და იმპლემენტაცია ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ კი დავით უსუფაშვილმა ცალკე გამოყო პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას და ცალკეული დეპუტატების მიერ მომზადებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ახალი კანონპროექტი.
„საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება მსჯელობა სხვადასხვა სამთავრობო ინიციატივებზე. მსჯელობა გვექნება ასევე იმ არასწორად „გაპიარებულ“ საკითხზე თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება მას, ვინც ფლობს კანონიერად მიწას. ამაზე სპეკულაციები გრძელდება, თითქოს კოალიცია რაიმე პრობლემების შექმნას აპირებს მესაკუთრეებისთვის, პირიქით ჩვენ ვმუშაობთ კანონპროექტზე რომლითაც გვინდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც მიწა აქვთ კანონიერ მფლობელობაში მაგრამ არ აქვს დოკუმენტები გაფორმებული. ასევე დასრულებულად უნდა გამოვაცხადოთ სპეკულაციები თემაზე იმის შესახებ საქართველოს სტრატეგიულად ესმის თუ არ ესმის ენერგეტიკული საკითხები. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის სტრატეგიულად და პოლიტიკურად ეს საკითხები და მინდა ძალიან კმაყოფილება გამოვთქვა მთავრობის, პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მიმართ, რომლებმაც დაასრულეს პროცესი ქვეყნის გაზმომარაგების საკითხზე, ისე როგორც ყველაზე უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პროცესში უნდა გავიზიაროთ რომ არ ვართ მარტო, ასეთ საკითხებში ძალიან ბევრი ინტერესია ჩართული. ჩვენ მთავარია მივიღოთ საბოლოო შედეგი რაც ქვეყანს ჭირდება დღეს და სამომავლოდ და მე ვხედავ რომ ეს შედეგი მივიღეთ რაც ძალიან კარგია. ჩვენ, პარლამენტი მზად ვართ მთავრობის სხვა ინიციატივებისთვის იქნება ეს საგადასახადო საკითხებში ცვლილებები თუ სხვა თემები მიმართული იქითკენ რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს, მიეცეს მეტი სტიმული კერძო ბიზნეს, დასაქმებას. ამას რა თქმა უნდა მოყვება გარკვეული დისკომფორტი საჯარო დაწესებულებებში და ადმინისტრაციაში, მაგრამ ჩვენ ვართ მკაფიო არჩევანის წინაშე – ან უნდა გადავდგათ ჩვენთვის, ხელისუფლებისათვის ცოტა მტკივნეული ნაბიჯები, იმისთვის რომ მოსახლეობას ქონდეს შვება ან ერთად გავაგრძელოთ ტკივილებით ცხოვრება. ამიტომ მთავრობას პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან აქვს და ექნება მხარდაჭერა ისეთი ნაბიჯების გადადგმისას, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯებში მომჭირნეობას, მაგრამ ამავე დროს სახსრების მიმართვას მეტი სამუშაო ადგილებისკენ და უფრო წარმატებული ბიზნესისკენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება მსჯელობა სხვადასხვა სამთავრობო ინიციატივებზე.
07/03/2016