საგაზაფხულო სესია მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის, კანონმდებლობის და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით

06/02/2023

საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესია ხვალ, 7 თებერვალს, პლენარული სხდომით გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ხვალ გავხსნით საგაზაფხულო სესიას და მინდა, ყველას წარმატებული სესია გისურვოთ. მნიშვნელოვანი წელია ჩვენთვის ევროინტეგრაციის კუთხით და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი სესია იქნება როგორც ამ მხრივ, ასევე კანონმდებლობის და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს.

მიმდინარე კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0