ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „იმერეთის აგროზონის” დირექტორი არჩილ ბუკია მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სახელმწიფო პროგრამების “აწარმოე საქართველოში“ და “დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებული კომპანია “მწვანე მდელო“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, 27 ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობს და დამატებით 8 ჰექტარი არენდით აქვს აღებული. 15 ჰექტარზე ლურჯი მოცვის კულტურა, ხოლო დანარჩენზე სხვადასხვა მწვანილი იწარმოება. გასულ წელს, კომპანიამ, დაახლოებით, 55000 კგ მწვანილის ექსპორტი და რეექსპორტი განახორციელა ევროპის მიმართულებით. ამ ეტაპზე კომპანია საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებს და ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დადგენილ უსაფრთხოების ყველა ნორმასა და რეკომენდაციას ითვალისწინებს. სამუშაოები დაწყებულია საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს, მუნიციპალიტეტში მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი. რეაბილიტირებულია სარწყავი სისტემაც, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას. საგაზაფხულო სამუშაოები იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
საგაზაფხულო სამუშაოები იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს
30/03/2020