საამაყოა, რომ ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო

14/11/2018

მამუკა ბახტაძე:
“მინდა გამოვეხმაურო რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს და ამასთან დაკავშირებით გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებულ ძალიან მნიშვნელოვან, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს. პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მუდმივად გრძნობს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. ეს არის მთავარი სტიმული და ყველა წარმატების საწინდარი, რომელსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ. ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, ევროპარლამენტში, საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით, შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. მინდა ხაზი გავუსვა, შეფასდა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა რეგიონში.
ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რომ ჩვენს ქვეყანაში მდგრადი დემოკრატიაა, ხოლო ეკონომიკური რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათა შორის იგივეს ადასტურებს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის საერთაშორისო რეიტინგიც. მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკის ზრდას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობასა და საქართველოს ეკონომიკის მზარდ ტენდენციას.
საქართველოსადმი ამ მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია. რა თქმა უნდა, მე მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება დაშვებული საქართვლოს პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა. ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან, რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. და მე რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და აირჩევს ევროპულ მომავალს. კიდევ ერთხელ მსურს, ყველა ქართველს მივულოცო ეს წარმატება ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0