საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, პაატა კვიჟინაძემ, კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე დღის წინ ბატონ ირაკლის შეუწყდა უფლებამოსილება, მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ სამუშაოსთვის, რაც მან 2016 წლიდან გაწია, რითაც სრულიად სხვა ხარისხში აიყვანა კომიტეტის მუშაობა. მინდა ვუსურვო მას შემდგომი წარმატებები“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ბექა დავითულიანის, გიორგი ვოლსკის, ბექა ოდიშარიასა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, კომიტეტის წევრებს გიორგი ვოლსკიმ გააცნო და საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაცია, ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნისა და გაფართოებისათვის ხელშეწყობა. მისი თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდეს და დაცული იქნეს იმ კატეგორიის ავტომობილები, რომლებიც თავიანთი წლოვანებითა და შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენენ ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად. მსგავსი მნიშვნელობის ავტომობილების შეძენისა და მოვლისათვის აუცილებელია განსაკუთრებული პირობები, რაც, თავის მხრივ, ბადებს საკანონმდებლო რეგულაციის მასთან მისადაგების აუცილებლობას. საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტერმინის განმარტებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ამ ტიპის ავტომობილის საკანონმდებლო დეფინიცია და ნათელი გახდეს თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი, რათა ჩაითვალოს ის კლასიკურად. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება ახალი კატეგორია კლასიკური ავტომობილის სახით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება კლასიკური ავტომობილის ცნება. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით კანონს ემატება მუხლი, რომელიც დაავალდებულებს საქართველოს მთავრობას მიიღოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმებსა და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, ასევე, ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.