სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია

19/03/2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს არსებობის 10 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებით საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ. იქამდე ქვეყანას არ ჰქონდა კონკრეტული, მიზანიმამართული პოლიტიკა, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორს მხარს დაუჭერდა და დაეხმარებოდა. დღეს კი მართლაც ბევრი გვაქვს სათქმელი“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე სააგენტოს ბენეფიციარებმა. ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სააგენტოს 10 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანობა, რასაც ის საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს.

„სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ-3-ში შემავალი აქსელერატორი – „500″. საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის, როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით. საქართველოს მასშტაბით შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომლებიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფენ ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში,” – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები.

„საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ. საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი – დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალი რეალობის საპასუხოდ, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება; შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და ქვეყანას აქვს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით; დაბოლოს, აგროტექნოლოგიები – აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარების, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხედვა და ახალი ინიციატივები, დამსწრე საზოგადოებას , GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ვრცელი პრეზენტაციით გააცნო.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10-წლიანი საქმიანობის და თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი სტარტაპი, საგრანტო დაფინანსების ოდენობამ კი 38 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შედეგად, დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ამასთან, საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში 80 პროექტი დაფინანსდა. საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემდგომი განვითარების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივაა დაგეგმილი: განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები; ასევე დამატებით განისაზღვრება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ, თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით; კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავალო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე. ასევე, განისაზღვრა ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი; ფაგები; აგროტექნოლოგიები. მათი განვითარება-ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად იმუშავებენ. მთავრობის მეთაურმა სააგენტოს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ ინიციატივებს მომავალშიც დაუჭერს მხარს. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტარტაპერები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0