რძის სექტორი დიდი როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში

10/07/2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ქართული რძის ხარისხის ნიშნის – „ქართული რძე” შექმნის მხარდაჭერისთვის. ხარისხის ნიშანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად განასხვავოს, პროდუქცია ნედლი რძისგან არის დამზადებული თუ აღდგენილისგან.

„რძის სექტორი დიდი როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში. სამინისტროს მიერ შემუშავებულმა რძის ტექნიკურმა რეგლამენტმა რძის პროდუქტებისადმი საიმედოობის საკითხი აბსოლუტურად შეცვალა. რეგლამენტის დახმარებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს უვნებელი პროდუქციის მიღების თვალსაზრისით. ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე საშუალო და პატარა მწარმოებლებს აერთიანებთ ხარისხის სავაჭრო ნიშანი; ამ მეწარმეების უკან კი, ათასობოთ ფერმერია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, გაერთიანებებს; მნიშვნელოვანია ხარისხის ნიშნების წახალისებაც, რაც სამინისტროს პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ათეული წარმატებული რძის გადამმუშავებელი მეწარმის ხილვა უტყუარი დადასტურებაა დარგის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის. ახლა მნიშვნელოვანია, როგორც ნედლი რძისგან ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, იმპორტჩანაცვლებაზე მუშაობა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანიც ესწრებოდა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ქართული რძის დღე მიულოცა და ხარისხის ნიშნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტი რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, „საქართველოს ბიზნესინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სწორედ „საქართველოს ბიზნესინსტიტუტია“ ქართული რძის ნიშნის გამოყენების უფლების მიმნიჭებელი ორგანიზაცია. ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის გარდა, ღონისძიების მიზანი HACCP-ის მფლობელი რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რესტორნების, კაფეების, სასტუმროების და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა შეხვედრის და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0