რუსთავში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლისთავი აღნიშნეს. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიკო ჯიქიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, თვითმმათველობის სხვა წარმომადგენლებთან და აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი და რუსთაველი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
მოგვიანებით, 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავის მუნიციპალური თეატრის ფოიეში, რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოების და აგვისტოს ომის რუსთაველი გმირების პირადი ნივთების გამოფენით გაგრძელდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ხუთი რუსთაველი ჯარისკაცი: ვახტანგ გზირიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი ლევან იოსებიძე და ბესიკ კაპანაძე დაიღუპნენ. ვახტან გზირიშვილი, ლევან იოსებიძე და გიორგი ჯავახიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში, ხოლო ბესიკ კაპანაძე შსს-ს ჯარში მსახურობდა. ოთხი მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით, ბესიკ კაპანაძე კი, გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.
რუსთავში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
08/08/2016