15 სექტემბერს, რუსთავში „მაკდონალდსის“ რესტორანი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რუსთავში „მაკდონალდსის“ რესტორნის გახსნა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ქვეყნის მასშტაბით, ეს არის „მაკდონალდსის“ რიგით მეთერთმეტე რესტორანი, სადაც 62 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 4,8 მილიონი ლარია.
აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსში“ მოქმედებს ე. წ. „დრაივის“ სერვისი, რომლის საბავშვო ტერიტორია მოიცავს დარბაზს დაბადების დღეებისთვის და სათამაშო ზონას. რესტორანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რუსთავის „მაკდონალდსის“ დიზაინისა და ინტერიერის სამუშაოები ავსტრიულ კომპანია Schloffer-ს ეკუთვნის, საბავშვო ოთახი ბელგიური კომპანია L&Bee-ის დამზადებულია, სამზარეულო შვეიცარიული კომპანია Franke-ის უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი.
„მაკდონალდსის“ ტერიტორიიის კეთილმოწყობა და მეგობრობის გამზირზე მდებარე კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყო.
რუსთავში ,,მაკდონალდსი” გაიხსნა
15/09/2016