რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის წესი მარტივდება. ინოვაცია, რომელიც ახლა ინერგება ქალაქის მერიაში, მოსახლეობისთვის თვითმმართველობასთან ურთიერთობას უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის. სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ რუსთავის მერიის პროგრამებით, თუ სხვა მომსახურებით სარგებლობისთვის, რუსთაველებს მერიაში მოსვლა აღარ მოუწევთ. მუნიციპალურ სერვისების მიღებას, ისინი დისტანციური პორტალის-my.gov.ge-ის მეშვეობითაც შეძლებენ.
სერვისების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პრეზენტაცია, მერიის აპარატის სერვისების განვითარების და საქმის წარმოების განყოფილების უფროსმა, თამთა დოკვაძემ, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძეს და მერიის სამსახურებს დღეს წარუდგინა.
ახალი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მერიის სამსახურებისგან ნებისმიერი ტიპის მომსახურება ან ინფორმაცია, სახლიდან გაუსვლელად, my.gov.ge-ზე დარეგისტრირებითა და ID ბარათის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
რუსთავის მერია მოსახლეობას 400-მდე სერვისს სთავაზობს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ოთხწლიან სტრატეგიაზეც, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
დისტანციური ვებპორტალით my.gov.ge სარგებლობის წესი იხილეთ ბმულზე: http://rustavi.gov.ge/news/1628
რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის წესი მარტივდება
22/02/2019