პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, როგორც საბანკო ისე მთლიანად საფინანსო სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო მაკროეკონომიკურ და მონეტარულ სტაბილურობას, ინფლაციას, ლარის კურსს, საფინანსო სისტემის მდგრადობას და საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციას. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საფინანსო სექტორი მდგრადია და ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს.
„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს და განიხილოს ყველა ის ინიციატივა, რომელიც საფინანსო-საბანკო სფეროს კიდევ უფრო მდგრადობას განაპირობებს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში უფრო აქტიურად ჩაერთონ. შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.