რუსეთის ფედერაცია ძველ პოლიტიკურ დემაგოგიას განაგრძობს

13/08/2016

ირაკლი ალასანიას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და ის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის გაფორმებულია. როგორც ალასანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ, რომ არავითარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2008 წლის 12 აგვისტოს არ გაფორმებულა, აღნიშნა, რუსეთმა ამ შეთანხმებით არამხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, არამედ საჯარისო ნაწილების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნების ვალდებულებაც აიღო, რომელსაც არ ასრულებს.

”ძალიან კაგრად მახსოვს რა პირობებში დაიდო ეს შეთანხმება. რუსეთის მხარეს აქვს ვალდებულება არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, არამედ კონფლიქტამდელ პერიოდში არსებულ პოზიციებზე სამხედრო ტექნიკისა და საჯარისო ნაწილების დაბრუნების. ეს არ შეასრულა რუსეთის ფედერაციამ და უფრო მეტიც, შემდეგ უკვე აღიარება გააკეთა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის. ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირება, ყველა არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მიზანმიმართული პოლიტიკით დააბრუნებს ამ ორ ჩვენს უძველეს ტერიტორიას, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. მაგრამ ამას ბუნებრივია სჭირდება ძლიერი, სტაბილური, წელში გამართული პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ალასანიამ.

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია ძველ პოლიტიკურ დემაგოგიას აგრძელებს, რაც არავის უნდა გაუკვირდეს.

”ეს შეთანხმება შედგა, რომლის შუამავალიც იყო ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი, სარკოზი და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა აქტიორისთვის, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, ეს შეთანხმება ცნობილია. რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, დღემდე აგრძელებს ისევ ძველ პოლიტიკურ დემაგოგიას და ამართლებს საკუთარ ნაბიჯებს, იმ აგრესიას რომელიც საქართველოს მიმართ ჩაიდინა. ეს პოლიტიკა რომ არ იცვლება, არ უნდა გვაკვირვებდეს ბუნებრივია და ამან არ უნდა დააგდოს ჩვენი მოტივაცია, რომ ბოლომდე გავყვეთ იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება და რუსეთთან მოლაპარაკების გზით კონფლიქტის კიდევ უფრო გართულების თავიდან აცილება. საქართველო ბევრჯერ ყოფილა დანაწევრებული მტრების მიერ, მაგრამ შემდეგ ჩვენ ფეხზე დავმდგარვართ და გაგვიერთიანებია ქვეყანა. ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც”, – განაცხადა ალასანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0