რუსეთისგან ტრანზიტული გაზის 10%-ის ფინანსური ანაზღაურებით შეცვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანია

13/01/2016

რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული ტრანზიტული გაზის 10%-ის ფინანსური ანაზღაურებით შეცვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანია, – ამის შესახებ  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომელიც გუშინ, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. მეჭიაურის შეფასებით, შეხვედრის მონაწილეებმა ყველა თემაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს გაზმომარაგებაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას.

“ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების განახლება, რომელიც “გაზპრომთან” ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიდო. ხელშეკრულების ყოველწლიურად განახლება იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ჩვენი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის მიწოდებული გაზი ერთი მხრივ იცვლება რაოდენობრივად, მეორეს მხრივ, ხდება ფასის ცვლილება და ასე შემდეგ. ხდება ისიც, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რუსეთმა მოითხოვა, ტრანპორტირების საფასურს გადახდა ფულად გამოსახულებაში და არა ნატურით, რაც ჩვენთვის ზიანის მომტანია. რამდენადაც ვიცი, ეს პირობა უკრაინასაც შეუცვალეს, მაგრამ უკრაინის ტერიტორია დიდია, ტრანპორტირების სიდიდეც მეტია და ამაში მეტს აიღებენ. საქართველოს ტერიტორიის იმ მანძილით კი, სადაც სომხეთისთვის გაზის გატარება ხდება, თუ საერთოშორისო ფასს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ გაცილებით ნაკლებს მივიღებთ ფინანსური სახით, ვიდრე ვიღებთ ახლა, როცა ხდება ტრანსპორტირებული გაზის 10%-ით ანაზღაურება”, – განაცხადა  თამაზ მეჭიაურმა. დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ბუნებრივი აირის იმ დეფიციტის შევსება, რომელიც საქართველოს ზამთრის პერიოდში წარმოეშვება, აზერბაიჯანიდან ვერ ხერხდება და “ფაქტობრივად წინსწრებით გვაქვს წამოღებული რუსეთიდან ჩვენს ტერიტორიაზე გადაადგილებული გაზის საფასური”. “დეფიციტის დაფარვა, რომელიც საქართველოს ზამთრის სეზონში წარმოეშვება, აზერბაიჯანიდან ზამთარში ვერ ხერხდებოდა, ხოლო ზაფხულში გაზის გაზრდილი რაოდენობის მოწოდება ამის კომპენსაციას ვერ გააკეთებს. ამასთან, ჩვენ ჯერ არ გვაქვს გაზის საცავი, რომლის აშენებესაც საქართველო აპირებს, რათა ასეთი სიტუაციები თავიდან ავიცილოთ. ფაქტობრივად, ჩვენ წინსწრებით გვაქვს წამოღებული რუსეთიდან ჩვენს ტერიტორიაზე გადაადგილებული გაზის საფასური”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0