როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობ, არ ვფილტრავ, ცენზურას არ ვუკეთებ ჩემს ტექსტს, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. კითხვაზე, აქვს თუ არა პრეზიდენტს შეგრძნება, რომ მის სატელეფონო საუბრებს ვინმე უსმენს, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ საუბარი არ არის მის შეგრძნებაზე, საუბარია საზოგადოების, პოლიტიკური ლიდერების შეგრძნებაზე. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს იმას თავად ფილტრავს თუ არა ტექსტს ტელეფონზე საუბრისას, მნიშვნელობა აქვს იმას სხვა პოლიტიკური ლიდერები ფილტრავენ თუ არა.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.
”როდესაც სპეცსამსახურები მუშაობენ, მოიპოვებენ ინფორმაციას ან სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, ან დივერსიის შესახებ, ეს სპეცსამსახურების საქმეა. მაგრამ ეს სიბინძურე, რომლის ავტორები ვერც ბედავენ, რომ თავის თავი აჩვენონ, დამალულად ამ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებით მიაწვდიან და ასე ცდილობენ საზოგადოებაზე ზეგავლენას, ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.