ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც; არ გვაქვს გათითოკაცების უფლება, არ გვაქვს უფლება, პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გურიის მოსახლეობას, რომელსაც რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს საზოგადოების ერთიანობა, მთავარ და ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული, გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, რადგან გურულები გამორჩეული ხალხია – ცნობილია მათი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, მათი იუმორი, სილაღე და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარი, რომელიც არასოდეს ღალატობთ.
“სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ – იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ. რატომ ,,ქართულ ოცნებას“? – იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ქვეყანა ახალი, სწორი გზით წაგვეყვანა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის ფასი, კიდევ, გურულებზე კარგად ნამდვილად არავინ იცის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მშვიდობის შემდეგ, ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი თავისუფლება და ჯანმრთელობაა, რომელზეც ხელისუფლებამ განსაკუთრებული ძალისხმევა დახარჯა.
“ამ ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ – ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ჩვენს ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი უნდა გითხრათ კიდევ. ჩვენ ვიწყებთ მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას. მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ თანდათან უფრო მეტი მოქალაქე იგრძნობს ამ ოთხ წელიწადში გაწეული შრომის შედეგს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტები კარგი ნიადაგია უკეთესი მომავლისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელსაც მთავრობა, გურიაში ჩაის წარმოების აღორძინების მიმართულებით დგამს.
“ყველამ კარგად იცით და გახსოვთ, რა მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ჩაის წარმოებას არა მარტო გურიის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას, ავაღორძინოთ ჩაის წარმოება და ეს ტრადიცია აღდგეს გურიაში. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა – ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფოს თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა თქვენგანის ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი“ აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. „ნაბეღლავის“ და „ბახმაროს“ გარდა, საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელიც ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხამს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი შეფასებით, გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის – ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. ამიტომ, პრემიერი მიიჩნევს, რომ ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული და დატვირთული, რაც ხალხისთვის, კიდევ ერთი, დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.
“ცოტა ხნის წინ, შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო. გურიის განვითარებისთვის ხელშეწყობის მიზნით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი და ის სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისთვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს. “ქართულმა ოცნებამ” ხალხს მისცა თავისუფლება! ახლა ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება, გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა!”, – განაცხადა “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ და მოსახლეობას რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
“ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება არჩილ თალაკვაძე – ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ახალი სახე. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ არჩილზე. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ოზურგეთელები იამაყებთ თქვენი მაჟორიტარით.
ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარად წარმოგიდგენთ თქვენთვის კარგად ნაცნობ თემურ ჭკუასელს. ბატონი თემური პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას”.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მთავრობის მეთაურმა საზოგადოების ერთიანობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ “ქართული ოცნებაა” ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ეს შეუძლია.
“როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. “ქართული ოცნებაა” სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ, გურულებო. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გურიის მოსახლეობას.