ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. გადაწყვეტილების თანახმად, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში 61 მოიჯარეს გადაეცემა. მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვა დანარჩენ მოიჯარეებსაც ეტაპობრივად გადაეცემათ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
„ჩვენ გასულ წელს დავამტკიცეთ ეს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე მეტ ხელმისაწვდომობას, როდესაც ფერმერებს, რომლებიც გრძელვადიანი იჯარით ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მიეცათ საშუალება, გამოისყიდონ მიწები და ეტაპობრივად გამოგვაქვს მთავრობაზე ეს გადაწყვეტილებები. დღეს დავამტკიცეთ განკარგულება 61 მოიჯარესთვის +მათ მიერ იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვის თაობაზე, რაც ნიშნავს, რომ 61 მცირე და საშუალო ფერმერი საკუთრებაში მიიღებს დაახლოებით 240 ჰა მიწას, რომელიც შედარებით მცირე ნაკვეთებად იყო დაყოფილი“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას განმარტებით, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოიჯარეები შეძლებენ უკვე საკუთრებაში არსებული ქონებით ისარგებლონ და მიიღონ საბანკო დაფინანსება, ასევე მონაწილეობა მიიღონ მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში და გამოიყენონ ქონება უფრო საინვესტიციო რესურსად. მინისტრმა ასევე ისაუბრა სავალუტო ფონდის მისიაზე და იმ მთავარ ფაქტორებზე, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მკვეთრი გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გამოიწვია. ეს არის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა; ასევე პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და პოლიტიკური სტაბილურობა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მორიგი შეფასება გააკეთა, რომლის მიხედვით დადასტურდა ჩვენი მოლოდინი და პროგნოზიც, რომ წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი – 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს არის საბაზისო სცენარი, თუმცა, შესაძლებელია წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს, თუ ამაში მთავრობას ხელი პანდემიამ არ შეუშალა.
„სახეზეა გარკვეული პოზიტიური ტენდენციები, მათ შორის, ახლა გამოქვეყნდა ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის მორიგი სტატისტიკა, რომლის მიხედვით ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი – 40 %-ით. ზრდა არის არამარტო 2020, არამედ 2019 წელთან შედარებით. ასევე უმჯობესდება ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, ხდება ლარის გამყარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს, ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არის პანდემია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.