როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით

03/04/2023

სხვადასხვა კომპანიებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, საბოლოო გადაწყვეტილება, მოხდება დემონტაჟი თუ რეაბილიტაცია, მიღებული იქნება ყველა ამ დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა, მაღალტექნოლოგიური და ყველა იმ სტანდარტების შესაბამისი, რა სტანდარტებიც 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის იქნება სავალდებულო, მიღებულია და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კონცეფციაზე და პარასკევს მოხდება ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის მიწოდება. სამინისტროში შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ მედიკამენტ ვოსორიტიდის შესყიდვასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია არ გასცა, იმ მიზეზით, რომ მედიკამენტი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის, შესაბამისად მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მწირია. პრეპარატს დაჩქარებული წესით აქვს მიღებული FDA-ს და EMA-ს ავტორიზაცია და გამოიყენება მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს შესწავლის პროცესშივე შეჩერებული აქვთ განხილვა, ვინაიდან ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ მედიკამენტის დაფინანსებაზე მსჯელობა.
ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც 15 მარტიდან ამოქმედებული გადაწყვეტილების თანახმად, მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ. რაც შეეხება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირდაპირ მწარმოებლებთან აწარმოებს. დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0