როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, მადლობას გიხდით ამ სოლიდარობისთვის, ზუსტად ეს იგულისხმება ამ რეგულაციაში

05/10/2023

„ბატონო დავით, როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, მადლობას გიხდით ამ სოლიდარობისთვის. ზუსტად ეს იგულისხმება ამ რეგულაციაში და დიდი მადლობა, რომ ამას გაუსვით ხაზი. მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე – ეს არის რეგულაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგულაცია, რომელიც პარლამენტის შენობაში ფრაქციის აპარატის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასევე პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, განცხადებების გაკეთების დროს საბრიფინგე სივრცეების გამოყენებას კრძალავს, მართებულია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რეგულაციის პროექტს ამზადებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი, რომელიც მოსაზრებებისთვის არის გაგზავნილი.

„ბატონო დავით, შემიძლია წაგიკითხოთ კიდეც ეს რეგულაცია, სხვათა შორის, ჯერ მიღებული არ არის, პროექტია, რომელსაც აპარატის ხელმძღვანელი აკეთებს და შესაბამისად, გაგზავნილია მოსაზრებებისთვის. „მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე“, – ეს არის რეგულაცია. ეს რეგულაცია, ასევე, ჩაიდო უსაფრთხოების ბრძანებაში, რომელიც გამოქვეყნებულია და რომელიც ეხება პარლამენტის სტუმრებს. იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც პარლამენტში მოსული ვიზიტორი ხანდახან საბრიფინგე ადგილზე დგებოდა და ატარებდა ბრიფინგს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0