თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პარაოლიმპიელებს ზვიად გოგოჭურსა და ლიკა ჩაჩიბაიას შეხვდნენ. ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიადაში იასპარეზებენ. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა მაისურაძე და კომპანია BP-ის დირექტორი საგარეო ურთიერთობის საკითხებში გიორგი ღვალაძე.
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტული კომპლექსი 2015 წელს გაიხსნა. აღნიშნული კომპლექსი საქართველოში ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა.
„მნიშვნელოვანია, რომ პარაოლიმპიელები ჩვენ მიერ ახლახან დასრულებულ და კეთილმოწყობილ ცენტრში ემზადებიან. ჩვენი პარაოლიმპიელი სპორტსმენები დღე და ღამე ვარჯიშობენ იმისთვის, რომ ასახელონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შედეგიც ექნებათ. თითოეულ პარაოლიმპიელს ჩვენი და სპორტის სამინისტროს სპონსორების მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ სათანადოდ მოემზადონ და ჩვენი ქვეყანა ოლიმპიადაზე ღირსეულად წარადგინონ“ – განაცხადა დავით ნარმანიამ
პარაოლიმპიელები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა.
კომპლექსში ფუნქციონირებს 18X38 ზომის სათამაშო სახეობების მოედანი, 525 კვ.მ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო დარბაზი, სპეციალური აუზი, ასევე სარეაბილიტაციო მიმართულების მქონე სატრენაჟორო თერაპიული კუთხე. ცენტრში არის ფსიქოლოგის, მანუალური თერაპიის და ორთოპედიული კაბინეტები. ამ ეტაპზე ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია 100-ზე მეტი პარასპორტსმენი. ცენტრში ვითარდება 9 პარასპორტული სახეობა; ეტლით ფარიკაობა, პარამშვილდოსნობა, პარამკლავჭიდი, ამპუტანტთა ფეხბურთი, მაგიდის პარაჩოგბურთი, პარაჩოგბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ბოდიბილდინგი, ბოჩა.