დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა. კითხვებით კომიტეტს საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ მიმართა. რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინისტრი სხდომაზე მოიწვია.
„საქართველოში, უპრეცედენტო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა განხორციელდა. გაიხსნა რიკოთის 27 კმ-იანი მონაკვეთი. ამ მასშტაბის სამუშაოები, ასე ერთიანად, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობა ევროკავშირთან, რომელიც სწორედ ასეთი მასშტაბური პროექტებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პროექტის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიკოთის 52 კმ-იანი მონაკვეთი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო (E60) და (E70) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევი და რთული მონაკვეთი რელიეფისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, რომლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, უსაფრთხოების ხარისხისა და განვითარების გეგმაზე სახელმწიფომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
„რიკოთი წარმოადგენდა ჩვენს პრიორიტეტს იმ მასშტაბური სამუშაოდან, მნიშვნელობიდან და რთული გარემო პირობებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა როგორც დაპროექტება ასევე, სამშენებლო სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნული მაგისტრალი დაყოფილია 4 მონაკვეთად, რომელიც ითვალისწინებს 51 გვირაბის და 97 ხიდის მშენებლობას.
„აღნიშნული 4 მონაკვეთიდან გავხსენით 27 კმ-იანი მონაკვეთი ხევიდან შორაპნამდე, რომელიც 38 გვირაბისა და 65 ხიდისგან შედგება. მთლიანობაში, ყველაზე გრძელი ხიდი საქართველოში სწორედ ამ მონაკვეთზეა, რომლის სიგრძე 1362 მ-ია ხოლო, ყველაზე გრძელი გვირაბი კი 1640-მ-იანია. ჯამურად, მხოლოდ ამ მონაკვეთზე, გვირაბების სიგრძე შეადგენს 23 კმ-ს ხოლო ხიდების სიგრძე კი 14 კმ-ს. ხელოვნური ნაგებობების რაოდენობა და მათი სიგრძე მეტყველებს იმაზე, რომ ვსაუბრობთ ამ მონაკვეთის რელიეფურად ყველაზე რთულ მონაკვეთზე. სწორედ ასეთი საინჟინრო გადაწყვეტილებებით და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის შედეგად, მოხერხდა იმ ძირითადი სარგებლის მიღება, რასაც 8 კმ-ით მანძილის დამოკლება და აღნიშნული გზის 45 წუთის ნაცვლად, 20 წუთში გავლა“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, რიკოთზე სრულად არის დაცული საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი.
„მიმდინარე მშენებლობები და საკუთრივ რიკოთი, ეს არის მშენებლობა საგზაო სფეროში, რომლის ანალოგი ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია, რაც თავის მხრივ იყო გამოწვევა, თუმცა ამ გამოწვევის წარმატებული დაძლევის შედეგი ვიხილეთ 27 კმ-იანი დასრულებული ნაწილით. მთლიანობაში, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ მონაკვეთზე. 51 გვირაბიდან 48 არის უკვე გაჭრილი. 97-დან 83 ხიდი არის აშენებული. ბუნებრივია, დანარჩენ ხიდებზე და გვირაბებზე სამუშაოები გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებისა და წესების დაცვით ჩატარდა პროექტის მნიშვნელოვანი წინა მოსამზადებელი კვლევები, პროექტირება, სამშენებლო ტენდერები და შემდგომ უკვე მათი ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამშენებლო პროცესები.
„4 მონაკვეთზე გამარჯვებულად გამოვლინდა 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრული იყო ტექნიკურ-ფინანსური გამოცდილების კუთხით და მათ ჰქონდათ ყველაზე დაბალი ფასის შემოთავაზება. ასევე, განსაზღვრულია მონაწილის დისკვალიფიკაციის კრიტერიუმები და შერჩეული კომპანიებიდან არც ერთ ამ კრიტერიუმს არ განეკუთვნებოდა. ყველა სამუშაოს შემოწმება და დადასტურება ხდება შესაბამისი დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ. ანაზღაურება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ამ დადასტურების შედეგად. თუკი არის გამოვლენილი რაიმე ხარვეზი, ამ ხარვეზის გამოსწორების პირობებში ხდება სამუშაოს ანაზღაურება და არც ერთი სამუშაო არ ანაზღაურდება ორჯერ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ორჯერ სრულდება ერთი და იგივე სამუშაოს ანაზღაურება და არის გადახარჯვა – არის უადგილო“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება 149-ე კმ-ს, მინისტრის თქმით, აღმოჩენილია ნაპრალები, რომელზეც დაკვირვების შედეგად, შეფასდა როგორც მომეტებულ საფრთხედ, შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რიკოთი დაკეტილიყო.
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ რიკოთზე ნებისმიერი შეზღუდვა მოვხსნათ, მიმდინარე სამუშაოების პარალელურად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი ინფორმაციით, სამუშაოები გეგმის შესაბამისად გრძელდება და 2024 წლის ბოლომდე რიკოთი მთლიანად გახსნილი იქნება. დეპუტატების მიერ დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ასევე უკავშირდებოდა სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებას. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნულ 800 მ-იან ხიდს დაუზიანდა მე-8 ბურჯი, რომელმაც 2 მალის ჩამოშლა გამოიწვია.
„ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომელსაც ატარებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის საინჟინრო გადაწყვეტას თუ როგორ უნდა აღდგეს ხიდი. ამავდროულად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამ მიმართულებითაც, შესაბამისი შეფასებები იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.