„პირველი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთი დაკეტილია. რიკოთი არ არის დაკეტილი! რიკოთზე მოქმედებს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის შემდეგი: 149-ე კმ-ზე, არსებული, ძველი, გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყერის კერა. სპეციალისტების ანალიზითა და შესწავლით, ეს კერა მიჩნეული იქნა მომეტებული საფრთხის მქონედ. მიღებული იქნა მყისიერი გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი და მოეწყო დამცავი კედელი. მხოლოდ ამის შემდეგ დაწესდა გადაადგილების სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში, ჩვენ პრევენცია და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შევძელით, სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მეწყრული კერის პოტენციურად გააქტიურების პირობებშიც კი, რიკოთზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა. რიკოთზე, 149-ე კმ-ზე მეწყერი არ განვითარებულა. უფრო მეტიც, სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად, აღმოჩენილი იქნა პოტენციური კერა. მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობს, უკვე გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა შესაძლო რისკი და გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი, მსუბუქი ავტომანქანებისთვის, დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოქმედებს. საღამოს 11 საათიდან, დილის 5 საათამდე კი, მოძრაობს მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტი. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი საკვლევაძიებო სამუშაოები, რომლის საფუძველზეც, მომზადდა პროექტი. განმეორებით შეფასდა პოტენციური რისკები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, შეგვემსუბუქებინა გადაადგილების რეჟიმი. ასეთი მიდგომა გაგრძელდება და შეიძლება რეჟიმი კიდევ შემსუბუქდეს ან საერთოდ მოიხსნას. რეჟიმის მოხსნა დამოკიდებულია იმ შეფასებაზე, რომელიც სპეციალისტების და ექსპერტების მიერ იქნება მიღებული“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთი არ არის დაკეტილი მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი
12/08/2023