რთულია თავად შექმნა ის, რაც შეცვლის ვითარებას

22/09/2016

არ შეიძლება, რომ მუდმივად აყვედრიდე თავს ქვეყანას, კოალიციას, კოლეგებს და მიგაჩნდეს, რომ ხარ ყველაზე ჭკვიანი, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ იმ კომენტარის შეფასებისას განუცხადა, სადაც დავით უსუფაშვილმა ”ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მსგავსებაზე ისაუბრა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, ”რომელიც სწორედ ჩვენი უმრავლესობისა და ”ქართული ოცნების” მხარდაჭერით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე”.

”ვისაც ჰგონია, ვინც არ უნდა იყოს, მით უფრო, ჩვენი ყოფილი პარტნიორები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გავიდნენ კოალიციიდან, რომ 2004 წელია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად დარჩნენ წარსულში, ან ვერ გაცდნენ ვიწრო პარტიულ პრიზმას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სწორედ ჩვენი უმრავლესობისა და ”ქართული ოცნების” მხარდაჭერით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ ეს გადაწყვეტილება პარტიული ნიშნით არ მიგვიღია და იმედია, არც ის ჰგონია ვინმეს, რომ სხვა ალტერნატივა ვერ მოიძებნებოდა”, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, რეფორმების და ახალი ინოვაციების ინიციატორი პარლამენტში თუ ვინმე იყო, ეს სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია, რომელმაც შემოიღო ადამიანის უფლებების საპარლამენტო კონტროლის სრულიად ახალი სტანდარტი. ასევე მთავრობამ დაამკვიდრა მართვის ახალი სტანდარტი – ეს არის ანგარიშვალდებულება და ღიაობა.

”რადგან გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში ცალკე გამოვიდეთ, ეს არის 2004 წლის ანარეკლი? დიახ, არ შეიძლება, რომ მუდმივად აყვედრიდე თავს ქვეყანას, კოალიციას, კოლეგებს და მიგაჩნდეს, რომ ხარ ყველაზე ჭკვიანი და თუ ასეა დამოუკიდებლად მოვიპოვოთ მხარდაჭერა ჭკვიანმა პოლიტიკოსებმა. ეს სამართლიანია და ამომრჩევლისთვის უკეთესია. იდეალური არ არის არაფერი, მაგრამ სტანდარტები და მიდგომები რადიკალურად შეცვლილია და უნდა გავაგრძელოთ სვლა სწორედ უკეთესობისკენ. იოლია დამრიგებლური და მენტორული ტონით საუბარი, რთულია თავად შექმნა ის, რაც შეცვლის ვითარებას და შეცვალონ მათ დამოუკიდებლად პოლიტიკური რეალობა – მოიპოვონ საკუთარი ხალხის მხარდაჭერა. ესაა მთავარი ინდიკატორი”, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, წასვლაც უნდა ღირსეული, ისევე როგორც პარტნიორობა.

”მგონია, რომ ეს პრობლემაა დღეს. კრიტიკა ნორმალურია და კრიტიკის კრიტიკული პასუხიც ნორმალური. 8 ოქტომბრის მანდატები განსაზღვრავს პოლიტიკოსების ცოდნასაც და მათ გონიერების მასშტაბსაც”, – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0