ოთარი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში წამოიწყო უმნიშვნელოვანესი პროგრამები,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბაშის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია წარუდგინა.
„როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზებზე ვმოძრაობთ, ნებისმიერი შეუიარაღებელი თვალისთვის ჩანს სასათბურე, ახალი სამაცივრე მეურნეობები. გაშენებული ხეხილი, რომელიც შედეგებს თანდათან მოიტანს. ამას ყველაფერს მოყვება ახალი საჭიროება გადამამუშავებელი წარმოებების, რაც თავისთავად გააჩენს სამუშაო ადგილებს. ოთარი ძალიან ბევრს მუშაობს ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით და უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო რეფორმების ინიციატორი გახლავთ. ეს რეფორმები უკვე დაიწყო და მომავალშიც განხორციელდება. მე მინდა, რომ მას გზა დავულოცო, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ლოკომოტივი არა მხოლოდ აბაშის, არა მხოლოდ მარტვილის, არამედ სამეგრელოსი და მთელი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ის იქნება ერთ-ერთი წამყვანი ძალა ჩვენს გუნდში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საარჩევნო გარემოზე და აღნიშნა, რომ დღეს არავინ არავის დევნის.
„დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამ ჩვენ ამას ვეგუებით, რადგან ადამიანების თავისუფლება არის უზენაესი, რაზეც უნდა დაემყაროს შემდეგი განვითარება, კეთილდღეობა, ეკონომიკური პროგრესი და ა.შ“,-აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელი ფორმატიდან გამომდინარე გპირდებით ერთ რამეს – შეუქცევად პროგრესს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშაში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.