რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

20/02/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
დეპუტატებს „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონის პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა გააცნო.
ზვიად მიხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებულია: პენიტენციურ სისტემაში ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნა; უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის; სასჯელის ახალი სახის – შინაპტიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის; უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციების დახვეწა; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირება. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში სამ წლამდე ასაკის შვილებთან ერთად მყოფ ქალ მსჯავრდებულებს, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. გარდა ამისა, იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმი და სხვა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, შეთავაზებული ცვლილებების მიზანია პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, სისტემაში ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ირინა ფრუიძემ წარდგენილი ინიციატივები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს რესოციალიზაციასა და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრებას. ამასთან, მან და კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა კანონპროექტებით გათვალისწინებულ კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატვის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0