თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდნენ, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ შეზღუდვის დაწესება მცხეთის მუნიციპალიტეტში საჭირო გახდა, რამდენადაც 22:00 საათის შემდეგ შეკრებები დედაქალაქის ნაცვლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებში დაფიქსირდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ დადგენილი წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით კიდევ უფრო აქტიური მუშაობა დაევალა, რათა დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. აღინიშნა, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი, როგორც ექიმების, ისე საწოლფონდის კუთხით, თუმცა რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების კონსოლიდაცია, რათა პროცესის წარმატებით მართვა გაგრძელდეს. საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კლინიკური მართვის ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობა არსებობდეს, რამდენადაც, მედიკოსთა კონსულტაციების შედეგად, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, ან ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში”, ხოლო მძიმე პაციენტები რჩებიან სტაციონარში. საბჭომ განიხილა ბოლო დღეებში პირველადი ჯანდაცვის კუთხით გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები და მათი დროული აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ხარვეზებს სისტემური ხასიათი არ აქვს და ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება. საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლების პროცესში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებზე. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, თითოეულ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები ოპერატიულად და ინდივიდუალურ რეჟიმში, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაშია განთავსებული, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28,29 და 30 ოქტომბერს დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ნოემბრიდან, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, მილანის, მიმართულებებზე ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების განახლებას ეტაპობრივად შეძლებენ. დღემდე არსებულ მიმართულებებზე – მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით კი ფრენების სიხშირე გაიზრდება. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციებისა და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ფრენების ეტაპობრივი აღდგენის მიდგომა შენარჩუნდება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 857 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 8 666 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 158 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6407 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 1420 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2862 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება
20/10/2020