„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერის საკითხზე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, ”გერმანული მოდელისადმი” მხარდაჭერა სიტყვის გარდა, საქმითაც დაადასტუროს.
„რესპუბლიკური პარტია“ ძალიან გადავიდა შეტევაზე და მე მგონი, ცოტა ზედმეტები მოსდით. მათგან განსხვავებით, არ მინდა ვისაუბრო წარსულზე, თორემ გავიხსენებდი, ვისი ხმებით არის გასული ეს მახინჯი მოდელი, რომლის ცვლილებაც გვინდა?! ვინ იყო მთავარი „გამპრავებელი“ უცხოელებთან იმ სიმახინჯეებისა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებდა?“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ერთი მხრივ, ოპოზიციას ”გერმანული მოდელის” მიღებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს, მეორე მხრივ კი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არსებული საარჩევნო მოდელის შესახებ.
„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ეს მოდელი, რომელიც „ქართული ოცნების“ და „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერით არის მიღებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვასაჩივრებთ იმ ოლქებს, რაც ”გერმანულ მოდელში” არ იცვლება და ეს გასაგებად ვუთხარით, რომ ვიდრე სარჩელი არ დასრულდება, გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. გარდა ამისა, ჩვენ ვითვლით, რომ არ არის საკმარისი ხმები ამ მოდელის მისაღებად. მოგეხსენებათ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ფრაქციაში 50 წევრი აღარ ვართ, დაგვაკლდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 2 ადამიანთან დაკავშირებით ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევით, რომ მოვლენ და ხმას მისცემენ. ერთი ჩვენი კოლეგა არის უმცირესობაში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არის, მეორე ავადმყოფობის გამო ფიზიკურად ვერ ახერხებს აშშ-დან ჩამოსვლას. შესაბამისად, ჩვენი ანგარიშით, საკმარისი 76 ხმა არ გროვდება. თუ „რესპუბლიკელებს“ დათვლილი აქვთ, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, თუმცა ვიმეორებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ოლქები როგორც არის შექმნილი. ასე რომ, თუ უნდათ, რომ საქმე გამოვიდეს, მზად ვართ შევხვდეთ და ძალიან ღიად ვისაუბროთ, ხმებიც დავთვალოთ და ავწონ-დავწონოთ, გვიღირს თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება? ქულებს ამით ვერ დაიწერენ. რომ მოგვიწოდებს და დაგვამუნათებს, რა? – თვლა შემეშლება, 74 ადამიანი უცებ 76 გახდება თუ როგორი იქნება?“, – განაცხადა მაჭავარიანმა.