„რესპუბლიკური პარტიისთვის“ სამართლიანი, თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნები არის არა პიარაქცია, არამედ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კრედო

21/09/2016

„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა.
მემორანდუმს ხელი სპეციალურ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოაწერა. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, ეს არის ის ტექსტი, რომელიც საჯარო სივრცეში გავრცელდა და რომელიც მან ინტერნეტიდან ამობეჭდა. უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ მემორანდუმი თავად „ქართული ოცნებისგან“ არ მიუღია და ამ თემაზე მათთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა.

„მეოთხე დღეა ვიღებ კითხვებს, თუ რას ვაპირებთ მემორანდუმთან დაკავშირებით. ოთხი დღეა ვიმეორებ, მანახეთ მემორანდუმი, რომ ხელი მოვაწერო. „რესპუბლიკური პარტიისთვის“ სამართლიანი, თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნები არის არა პიარაქცია, არამედ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კრედო. ასეთი არჩევნების გარეშე ჩატარებულ პროცესს შეუძლებელია არჩევნები ეწოდოს. ასეთი არჩევნები ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი და არ იყო არაძალადობრივი. ჩვენ თავისუფალი არჩევნების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რაც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის მონაპოვარი იყო. ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება ყველას მხრიდან: – სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომელთა ექსკლუზიური მოვალეობაა ძალადობის პრევენცია და დამნაშავეთა დასჯა. ამასობაში, პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ საკითხზე არ უნდა არსებობდეს არავითარი „მაგრამ“, „თუ“, „თუკი“, „გუშინ იმან ეს ქნა“, „გენდობი“, „არ გენდობი“ და ა. შ. ეს ის საკითხია, რაზეც ყველამ თამამად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ურთიერთგამკლავების ეპოქა დავასრულეთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს პარლამენტმა 22 ივნისს მიღებულ დოკუმენტში უკვე თქვა, რომელსაც მხარი პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
როგორც უსუფაშვილმა განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მაშინ სხდომას არ ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0