”რესპუბლიკელები” პრემიერის პოზიციას იზიარებენ

14/04/2016

არჩევნების დღე გამოცხადებულია და 8 ოქტომბერთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ვერ ვხვდები, მაისის დასაწყისში შესაბამისი განკარგულების გამოცემა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, რა პრინციპული ამბავია,- განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატმა თამარ კორძაიასმ. მისი შეფასებით, მთავრობამ პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ძალიან გონივრული ვადა შესთავაზა და ამ თვალსაზრისით 8 ივლისი სრულიად მისაღები თარიღია.
კორძაია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება ტვირთია არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, არამედ მედიისთვისაც, რომელსაც არჩევნებამდე 5-თვით ადრე იმ ვალდებულების შესრულება მოუწევს, რასაც მას კანონმდებლობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკისრებს.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ”რესპუბლიკელები” პრემიერის პოზიციას იზიარებენ.

”პოლიტიკური პარტიებისთვის ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს ის, თუ როდის დაინიშნება არჩევნების დღე. პოლიტიკური პარტიები მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმში არიან – განსაკუთრებით საარჩევნო წელს. აქ მთავარია ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადება სახელმწიფოს მხრიდან დიდ დანახარჯებს იწვევს, მაგრამ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტისა და პოლიტიკური პარტიების გარდა, არიან სუბიექტები, რომლებიც საარჩევნო პროცესის მონაწილენი არიან. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნია მედიის მდგომარეობა, რადგან როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია ჩაირთვება, მედიას უფასო სარეკლამო საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება აქვს, რაც მედიისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია. შესაბამისად, ვფიქრობ, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ყველა კომპონენტის გათვალისიწინება უნდა მოხდეს. სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით წერია საარჩევნო კანონმდებლობაში ის, რომ საარჩევნო კამპანია არაუგვიანეს 60 დღით ადრე იწყება”, – განაცხადა კორძაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0