შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „დონ კიხოტი ოზურგეთიდან“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის გამოცემა რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის 70 წლის იუბილეს უკავშირდება. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. წიგნ-ალბომი „დონ კიხოტი ოზურგეთიდან“ ვასო ჩიგოგიძის შემოქმედებით და ბიოგრაფიულ მოვლენებს, მის მოგონებებს აერთიანებს. წიგნს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს ვასო ჩიგოგიძისა და გამორჩეული პერსონაჟის, დონ კიხოტის, დაკავშირება, მათი საერთო პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ალბომი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მასზე მკვლევარ-კრიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი და დიზაინერი, ირინა აბჟანდაძე, მუშაობდნენ. წიგნი მოგვითხრობს როგორც ვასო ჩიგოგიძის, ასევე გურიის ისტორიის შესახებაც, ასახავს რა გურულების ცხოვრებას, დაწყებული გურული მოჯირითეებით ამერიკაში, ვიდრე დღევანდელ დღემდე. აღსანიშნავია, რომ ვასო ჩიგოგიძის ცხოვრება მთლიანად უკავშირდება 155 წლიანი ისტორიის მქონე ოზურგეთის თეატრს, ვინაიდან, იგი გახლავთ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვასო ჩიგოგიძე ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ასევე, იგი არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების გურია-სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონის განყოფილების თავმჯდომარე.
ვასო ჩიგოგიძეს, მოღვაწეობის მანძილზე, მიღებული აქვს არაერთი წოდება, ჯილდო და პრემია. ის გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული თეატრის დესპანი, ვარსკვლავოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, ასევე, ალექსანდრე წუწუნავას, დიმიტრი ალექსიძისა და გიზო ჟორდანიას ჯილდოების მფლობელი.
რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
18/02/2023