თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.
„ჩვენი უახლოესი ადამიანის, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დიდ ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძნელია სიტყვების გამოძებნა. დიდი ტრაგედიაა. ნიკას გამძლეობას ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება. მისი თქმით, ამჯერად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს და გარე მოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე.
„თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. ტერიტორია კი მოწესრიგდება, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი პროცედურები და გარე მოვაჭრეების ბაზრობების შიდა ნაწილში გადაყვანა მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებიდანაც მოხდება.
„ჩვენ ანალოგიური მიდგომა გვაქვს ყველა მეტროსადგურის შესასვლელთან. შესაბამისი პროცედურები დაიწყო მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გამგეობებს, ბაზრობების დირექციებს, მუნიციპალურ ინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაჟორიტარ დეპუტატებს პროცესებში ჩართულობისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ჯიხურების საკითხზეც, რათა მათი გადატანა შესაბამის ტერიტორიებზე მოხდეს.
„ასევე, გვაქვს კონკრეტული პრობლემა ჯიხურებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გვინდა, რომ მათი გადატანა მოხდეს ისეთ ადგილებზე, სადაც პრობლემას არ შექმნის, არც ვიზუალური, არც სატრანსპორტო თვალსაზრისით და არც ფეხით მოსიარულეებისთვის. მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც დღეს იქ ხდება, მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების სამშენებლო განვითარებაზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში აისახება. კახა კალაძის განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია მხოლოდ აღნიშნული რეკომენდაციებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების შესაბამისად იქნება დასაშვები.
„როგორც იცით, 2019 წლის 15 მარტს დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც შეზღუდა გარკვეული არეალები. ქალაქში გამოიყო კონკრეტული არეალები, სადაც დროებით შეჩერდა მშენებლობის განხორციელება. ერთ-ერთი ასეთი იყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. დავიწყეთ გარკვეული კვლევების ჩატარება იმისთვის, რომ მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სრული სურათი გვქონოდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მიმდინარეობდა ლისის ტბის აუზის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევები, რომლის მიზანიც იყო, გამოეკვლია და დაეზუსტებინა თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი უსაფრთხო, ჯანსაღი და დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა. ეს არის სივრცე, სადაც უამრავი კერძო ნაკვეთია და ჩვენ გარკვეულ უკმაყოფილებას წავაწყდით. მათ ჰქონდათ კერძო საკუთრება და მშენებლობის განხორციელების სურვილი, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევდით. მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ, როგორც კერძო მესაკუთრის, ასევე, დედაქალაქის ინტერსები და მისი ურბანულად სწორი განვითარება უნდა მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება.
„დღეს უკვე ამ კვლევებიდან მიღებული ანალიზით, შესაძლებელია, განვახორციელოთ არსებული სივრცეების სხვადასხვა სახის განაშენიანება. ოღონდ ყველა იმ რეკომენდაციის მიხედვით, რომელიც ამ კვლევაში არის მოცემული. განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, რომლის გათვალისწინებაც მოგვიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გუდიაშვილის მოედანზე არსებული რეაბილიტირებული სივრცეები აუქციონზე გაიყიდება. მისი თქმით, ბიზნესსექტორი მსგავსი სივრცეების განვითარებას უკეთ შეძლებს, მუნიციპალიტეტის მთავრობა კი შემოსული თანხით, სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.
„ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები რეაბილიტირდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს შენობა-ნაგებობები დაიტვირთება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. იცით, რომ ეს ფართები მუნიციპალური საკუთრებაა. ვიცე-მერს დავავალე, ბიზნესსექტორთან დაეწყო მუშაობა, რომ მსგავსი სივრცეების აუქციონის ფორმით პრივატიზაცია მომხდარიყო. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული რეაბილიტირებული სივრცეები მზადაა აუქციონზე გასაყიდად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული ოთხი ობიექტის ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარამდეა.
„დარწმუნებული ვარ, არსებულ ობიექტებს ისეთი კომპანიები ან ფიზიკური პირები შეიძენენ, რომლებიც საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებენ. ჩვენ კი ზედამხედველობას გავუწევთ პროცესის მიმდინარეობას. ამ სივრცის განვითარება სწორად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე არსებული საპრივატიზაციო ობიექტებია: ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი, N1/ ლადო გუდიაშვილის მოედანი N6. აქ ოთხი ფართია, რომელთა ჯამური ღირებულება 4 428 776 ლარია; გუდიაშვილის მოედანი N2, ექვსი ფართი – ჯამური ღირებულება 3 265 865 ლარი; ლერმონტოვის ქუჩა N2 – სამი ფართი – ჯამური ღირებულება – 4 008 383 ლარი; აბესაძის ქუჩა N23, ექვსი ფართი – ჯამური ღირებულება – 6 242 916 ლარი. დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
„რეკრეაციული სივრცეები ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. კიდევ ბევრი რესურსი გვაქვს, რომ თბილისელებს კარგი პარკები და სკვერები გავუკეთოთ. მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარძიის სკვერის რეაბილიტაციას ვიწყებთ. ერთ ჰექტრამდე არის ეს ტერიტორია, სადაც ლამაზი პარკი გაკეთდება თავისი საფეხმავლო და ველობილიკებით. მოეწყობა სარწყავი სისტემა. დენდროლოგიური პროექტი ხორციელდება, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების სისტემა და ატრაქციონები. პროექტი 1 100 000 ლარი ჯდება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. თავს არ დავზოგავთ, მოვიძიებთ სახსრებს. ყველგან, სადაც შესაძლებელია, მოვაწყობთ მწვანე სივრცეებს. უნდა გამოვასწოროთ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ საპარკე კულტურის განვითარებას. ჩვენი ქალაქი უფრო მწვანე უნდა გავხადოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სტუდენტების დაფინანსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, ახალი პროგრამა იწყება. თბილისის მერის თქმით, ახალი პროგრამის თანახმად, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფიქსირდებათ.
„მოგეხსენებათ, რომ უკვე გვაქვს პროგრამა სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, რომლის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ვუფინანსებთ სწავლის საფასურს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროგრამა, რომლითაც ძალიან ბევრ სტუდენტს დავეხმარეთ. ჩვენ 2021 წელს გავაორმაგეთ ბიუჯეტი. საერთო ჯამში, დაახლოებით, 4 000-მდე სტუდენტი იქნა დაფინანსებული. ამ პროგრამას ვამატებთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას. თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. რაც შეეხება ახალ პროგრამას, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თბილისში რეგისტრაცია უფიქსირდებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სტუდენტების დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ მოხდება.
„დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულებზე: იქნება 100%-იანი, 70%-იანი დაფინანსებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და შშმ პირებს. უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ განახორციელონ სტუდენტთა დაფინანსების წესში შესაბამისი ცვლილებები, რომ მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია. მისივე თქმით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანების შეკრება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი) მოხდება, რადგან ვაკის პარკში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან, თუმცა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს ვეტერანთა ტრადიციული შეკრება გაიმართება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში). ჩვენ გვაქვს ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა. ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარეთ. ეს შეიძლება დიდი თანხა არაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებაა. ჩვენი მხრიდან მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს მათთვის, რაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.