რეგლამენტში ცვლილება პოლიტიკური სუბიექტების საპარლამენტო ორგანოებში წარმომადგენლობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს

02/11/2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს და 89 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ზოგადი პრინციპების დონეზე პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა წარადგინა. ცვლილებით ხდება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვა.

„დღევანდელი მოცემულობით პარლამენტში პოლიტიკური კონფიგურაცია შემდეგნაირია – არსებობს საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც გაერთიანებულია ფრაქცია „ქართული ოცნება“ და უფრაქციო პარლამენტის 9 წევრი, ასევე არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, სადაც არიან ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფები და ასევე არიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს შესაბამისი კვოტები აქვს, უფრაქციო წევრებს, მიუხედავად იმისა უმრავლესობაში არიან თუ საპარლამენტო ოპოზიციაში, აქვთ ერთიანი კვოტა. გამომდინარე იქიდან, რომ კვოტების გადანაწილება იყოს უფრო ეფექტური ამ შემთხვევაში უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის, გთავაზობთ ცვლილებას, უფრაქციო პარლამენტის წევრებs, ვინც საპარლამენტო უმრავლესობაშია გაერთიანებული, ჰქონდეს ცალკე კვოტა, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციაში მყოფ პარლამენტის წევრებს, დღეს არსებული მთლიანად უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის არსებული 2 კვოტა დარჩებათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად, დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული 9 უფრაქციო წევრი მთლიანად უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის განსაზღვრულ ორ კვოტას აღარ გამოიყენებს და ეს საპარლამენტო ოპოზიციაში მყოფ უფრაქციო პარლამენტის წევრებს როგორც კომიტეტებში გაერთიანების, ისე ერთმანეთში გადანაცვლების მეტ შესაძლებლობას მისცემს.
ცვლილება ეხება ასევე კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის დატოვების შესახებ განცხადებას. წარმოდგენილი ცვლილებით განცხადება ძალაში შევა მხოლოდ ბიუროზე ცნობად მიღებისთანავე.
რეგლამენტში ასევე შედის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0