განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს. მომხსენებელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განათლების მიმართულებით სამინისტროს საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ინფრასტრუქტურაზე, მასწავლებელთა მხარდამჭერ პროექტებზე და კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობაზე გაამახვილა.
„რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალგაზრდების აქტიურობა სპორტის სფეროში ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
მინისტრმა ინკლუზიური განათლებაზეც ისაუბრა. ქობულეთში, ქედასა და ბათუმში ინკლუზიური განათლების სამი ცენტრი ფუნქციონირებს. წელს ასევე იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ანალოგიური ცენტრის მოწყობა. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აჭარაში ორი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, კოლეჯები – “ახალი ტალღა“ და „ბლექსი“ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, იგეგმება სახელოვნებო სკოლის მშენებლობა. მაია ხაჯიშვილმა უმაღლესი განათლების მიმართულებით სტუდენტების დაფინანსების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. გასულ წელს 950-ზე მეტ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა. ახალგაზრდობის საკითხებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 150-მდე მიმართულებით სხვადასხვა პროექტს აფინანსებს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ხაზს უსვამს, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხების სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულობას. სხდომას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე.