რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს

11/12/2023

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ქვარაია აირჩია. მერაბ ქვარაიას კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრები დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით გაეცნენ. საკითხზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს უფლებამოსილება ექნებათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დააფუძნონ. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტები, ფიზიკური პირები და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული პირი – ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია. კომიტეტის წევრებმა პრინციპების დონეზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ წარადგინა. პროექტი, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს საქართველოს მელიორაცია განახორციელებენ, საქართველოს სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“ ხელშეკრულებაც გააცნო, რომელიც საქართველოსთვის 14 მილიონამდე ევროს სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და პროექტის განმახორციელებელ უწყებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრება. რაც შეეხება “2017 წლის 17 ივნისს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა, 15 მლნ. დოლარით მცირდება საქართველოსთვის გამოყოფილი 114- მილიონიანი სესხის ოდენობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0