რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა დღეს კატალონიის რეგიონის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, დეპუტატებმა გიორგი კოპაძემ, გოგა გულორდავამ, კობა ლურსმანაშვილმა და კარლო კოპალიანმა საქართველოს რეგიონების განვითარებისა და ქვეყნის თვითმმართველობის პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა დეცენტრალიზაციის გეგმებზე, ასევე ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის (FMC) გენერალურმა მდივანმა ხუან იგნასიო სოტო ვალემ, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ესპარეგუერას მერმა, ედუარდო რივას მატეომ და ოლივიერ ტერიენმა ისაუბრეს ესპანეთის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე. შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს. კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მოწვევით იმყოფება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები კატალონიის რეგიონის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
05/03/2019