თბილისის მასშტაბით არსებული სატრანსპორტო საცობების საკითხის მოგვარების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის კანონპროექტი მომზადდა.
საკანონმდებლო ინიციატივაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, ბექა დავითულიანმა ისაუბრა. ცვლილებების თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაადგილებაზე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დისკრეცია მიენიჭება კონკრეტული კატეგორიის ავტომობილებისთვის (M3, N2 და N3) დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდოს. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირი 1000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, 3000 ლარით დაჯარიმდება. კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კახიშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვან ინიციატივას – ქალაქის საცობებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ პრობლემის გადასაწყვეტად სწორი მიდგომა მოამზადოს და კონკრეტულად განისაზღვროს „პიკის“ საათები და საცობებისგან გადატვირთული ადგილები. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. საკითხი შენობა-ნაგებობებისთვის სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულებას შეეხება. კანონპროექტის მიხედვით, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს დამატებითი ვადა 2023 წლის ნაცვლად 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიეცემა. სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის ანგარიში წარადგინა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
10/11/2023