რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

25/09/2023

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი წარადგინა. მომხსენებელმა ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება და 6,5%-ის ოდენობით განისაზღვრება, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი კი მცირდება და 3,1%-ს შეადგენს. ასევე 2.6% -მდე მცირდება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 78,8 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება. მინისტრის მოადგილემ ის სახელმწიფო უწყებებიც დაასახელა, რომლებსაც მიმდინარე წლის ბოლომდე დაფინანსება გაეზრდებათ.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ძირითადად ხორციელდება პროექტებს შორის თანხების გადანაწილება და დამატებით სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყოფა 20 მლნ ლარი. აღნიშნული თანხა მიიმართება რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ნაწილობრივ დაფინანსებისთვის. ჯამში სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრება 3 351 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

„მისასალმებელია, რომ ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ ჩვენ როდესაც ბიუჯეტს ვამტკიცებდით მაშინაც ვითხოვდით, რომ თვითმმართველ ორგანოებს და ინფრასტრუქტურას, იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს, უფრო მეტი ბიუჯეტი ჰქონოდა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0