დეპუტატთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ ცვლილების განხორციელების თაობაზე იმსჯელა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა. კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის შექმნის პროცესში პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალურ დაცვას. ცვლილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღებით გაჩნდება ბავშვთა უფლებებზე ზრუნვის უკეთესი მექანიზმები.
„კოდექსის მოქმედი რედაქციის 83-ე მუხლში გათვალისწინებულია კოორდინაციის მექანიზმები. რამდენადაც ბავშვის უფლებათა დაცვას ესაჭიროება მულტიუწყებრივი ჩართულობა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათ შორის კოორდინაცია, მაგრამ პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რაც საჭიროებს ცვლილებას და ამ გზით სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, პრინციპულია, რომ მონაცემების დამუშავების ფარგლებიც და საფუძველიც განისაზღვროს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით. წარმოდგენილი პროექტი სწორედ კოდექსის 83-ე და 84-ე მუხლებში ამ მექანიზმის დამატებას ითვალისწინებს, რომ დაცული იყოს პერსონალური მონაცემები,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას და მისგან გამომდინარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს. კომიტეტმა სხდომაზე ასევე იმსჯელა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე. პარლამენტის წევრების რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძისა და ანზორ ბოლქვაძის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის შემოღებას. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ობიექტს, რომელზეც გაცემულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა, 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, დამთავრებულია. აგრეთვე, იმ ობიექტს, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების დეტალური გეგმის არეალშია განთავსებული და მისი მშენებლობა, 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დამთავრებულია.
ექსპლუატაციაში მიღება ეხება ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს (გარდა კომერციული დანიშნულების ობიექტებისა), რომლებიც არ სცდება II კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებელს, არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და მისი მშენებლობაც ასევე 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დამთავრებულია. მომხსენებლის, რესან კონცელიძის განმარტებით, პროექტი შემუშავდა თბილისის მასშტაბით მოქმედი ანალოგიური კანონის მსგავსად.
„შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე ამ ობიექტების მესაკუთრეებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა, როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები,“ – განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტის თავმჯდომარის კახა კახიშვილის განცხადებით, მკაცრად უნდა გაიწეროს დაკანონებისთვის რა დოკუმენტაცია უნდა იყოს წარდგენილი. უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ნებართვა მიიღოს ან არ მიიღოს დაკანონების მსურველმა. უნდა განისაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომ შესაძლო ხიფათი თავიდან იყოს აცილებული.