რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

20/02/2023

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და 2022 წლის ანგარიში დაამტკიცეს. კომიტეტის თავმჯდომარე კახი კახიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ანგარიშების მოსმენების რაოდენობები გაიზრდება.

„2023 წელს გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო ხშირად მოვუსმინოთ იმ უწყებებს, რომლებზეც კომიტეტი, რეგლამენტის შესაბამისად, საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს და თუ მანამდე წელიწადში მხოლოდ ერთხელ იმართებოდა ანგარიშების და მოხსენებების განხილვა, მიმდინარე წელს ორ-სამჯერ გაიმართება“, – აღნიშნა კახი კახიშვილმა.

სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინეს.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კი სარატიფიკაციო დოკუმენტზე – „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს, წარმომადგენლის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ“ სასესხო შეთანხმებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით ეს შეთანხმება ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეხუთე ფაზის განვითარებისთვის გაფორმდა, რომელიც ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება. რაც შეეხება სესხის ოდენობას, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 53 მლნ. ევროს სესხის სახით, ხოლო 2 მლნ. ევროს გრანტის სახით გადასცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0