რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, იმ დასახლებებში, სადაც უკვე მოქმედებს ქალაქმშენებლობითი განვითარების გეგმა, მისი ცალკეული უბნის განვითარებისთვის დამატებითი ცალკეული გეგმის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ მუნიციპალიტეტი მიიღებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით დაიზოგება დრო და ენერგია, რადგან ზედა დონის დოკუმენტში ისედაც დეტალურად განსაზღვრულია დასახლებული პუნქტის ცალკეული უბნების განვითარების გეგმა. კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც კოდექსში შეტანილი ცვლილებებით განხორციელდება. კომიტეტის თავმჯდომარის, კახი კახიშვილის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების შესრულებას ემსახურება და ეს არის ის რეფორმა, რომელსაც მმართველი გუნდი ეტაპობრივად ახორციელებს.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა. ცვლილებების თანახმად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვიდან შემოსული თანხებით. მომხსენებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სასარგებლოდ, იცვლება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტებს შორის იმ შემოსულობების განაწილების პროცენტულობა, რომელიც სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემისას მოქმედებს. კომიტეტმა მოიწონა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტების გაზრდის მიზნით მომზადებული ცვლილებები და მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას. კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. ცვლილებების მიზანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისთვის გრანტის გაცემის უფლების მიცემის მოთხოვნა წარმოადგენდა, რაც კომიტეტმა არამიზანშეწონილად მიიჩნია. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ცვლილებების პროექტი დაჩქარებულად არის შემოტანილი და ბოლომდე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ითხოვენ მინისტრის აპარატისთვის გრანტების გაცემის უფლებას.
კახი კახიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონით უკვე განსაზღვრულია იმ სუბიექტების ჩამონათვალი ვისაც მისი გაცემის სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, ხოლო რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს, კომიტეტი აღნიშნულ ცვლილებებს არ იზიარებს.
კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა წარდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
06/02/2023