რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაცია „World vision international – საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „World vision international – საქართველოს“ სტრატეგიულ მიმართულებებს ბავშვთა კეთილდღეობა და სათემო განვითარება შეადგენს. ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფები თემების დონეზე, რომლებიც უწყებათაშორის ჯგუფებს წარმოადგენენ და სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებენ. ამდენად, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტისათვის, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის მიმართულებით მუშაობს, მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და დღევანდელი შეხვედრის მიზანსაც სწორედ მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაგეგმა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს კარგი ტრადიცია აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის. „World vision“ ერთ-ერთი გამორჩეულია. მათთან ბევრ სფეროში იყო თანამშრომლობა, მათ შორის, ერთ-ერთი ის ინსტიტუციური დიალოგია, რომლის ტრადიცია ამ კომიტეტმა დაამკვიდრა. ზოგადად, ყველა ის მიმართულება, რომელშიც „World vision“ მუშაობს, არის არსებითი და ბუნებრივი ჩვენი კომიტეტისთვისაც იმიტომ, რომ ეს არის რეგიონების გაძლიერება, ეს არის რეგიონებში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და განსაკუთრებით, პირადად მე რაც მომეწონა – ოჯახებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს დაბლა არიან, დაეხმარონ თავად როგორ დაძლიონ სიღარიბე. რომ ეს ერთჯერადი დახმარება კი არ იყოს, არამედ თავად დადგნენ ფეხზე და წლების შემდეგ აღარ სჭირდებოდეს დახმარება. კიდევ ერთი მიმართულება ეს არის ბავშვები, როგორც ახალგაზრდობა, ისე სკოლამდელები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან თანამშრომლობა. ამ მხრივაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. ეს არის ის პროექტები, რომლებსაც სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, საპარლამენტო მხარდაჭერა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამ ერთობლივი მუშაობით ეს ურთიერთობაც უფრო მჭიდრო გახდება და შედეგებიც კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ორგანიზაცია „World vision international – საქართველო“ მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობებს ბავშვებისა და ოჯახებისათვის ეფექტური სოციალური პროგრამების განხორციელებაში, რაც თავის მხრივ მოწყვლად ახალგაზრდებს დასაქმებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის უნარების განვითარებაში უწყობს ხელს. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, შესაბამისად, კომიტეტი მხარს უჭერს ორგანიზაციის საქმიანობას და იმედოვნებს, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის წევრები ნინო ლაცაბიძე და ანზორ ბოლქვაძე.