რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს

15/01/2021

ახალი მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილსა და კომიტეტის წევრებთან ერთად, თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები დაიწყო.
როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, კომიტეტი მზადაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისათვის და ამ შეხვედრების ძირითად მიზანსაც კომიტეტის მომავალი საქმიანობის ერთიანი გეგმის შემუშავება წარმოადგენს. მისი თქმით, ამ პროცესში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ერთობ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მართალია დეცენტრალიზაციის სტრატეგია მიღებულია, მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, კომიტეტს გარკვეული კუთხით მისი გადახედვა მოუწევს, აქცენტი ძირითადად ვადებზე გაკეთდება. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, კომიტეტი შეხვედრას შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელობასთანაც გეგმავს.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლიზა სოფრომაძე („რეგიონული განვითარების ცენტრი“, გამგეობის თავმჯდომარე), ნინო ლოლაძე („რეგიონული განვითარების ცენტრი“), კოკა კიღურაძე („ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“), ზაურ ხალილოვი (სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი). მათი განცხადებით, წლებია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და მისი აპარატის თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან მართლაც რომ სამაგალითოა და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, რეგიონების განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მონაწილეობით დემოკრატიაზე, მუნიციპალიტეტების გაძლიერებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა კანონმდებლებს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რისი გაკეთება შეიძლება კომიტეტთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდნენ მუნიციპალიტეტები, უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. შესაბამისად, ყურადღება დაეთმო ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებს, მუნიციპალური სერვისების, მუნიციპალიტეტების ფინანსების დივერსიფიცირების, მუნიციპალიტეტებს შორის კომუნიკაციის აუცილებლობის და სხვა საკითხებს. გამოითქვა ასევე მოსაზრება თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებაც. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს კიდევ რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც განსაზღვრავენ კომიტეტის სამოქმედო გეგმას. კომიტეტის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები ზაურ დარგალი და ბექა დავითულიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0