რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კანონმდებლებს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა პირველი მოსმენისთვის წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით, შემუშავებული ცვლილებების თანახმად, სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები. მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს ჯერ კიდევ კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა შემუშავებული, თუმცა, არსებულ ვითარებაში საკანონმდებლო ინიციატივამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. ცვლილებების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს. შესაბამისად, დასაქმებული იქნება სკოლის ექიმი ან/და ექთანი, რომელიც პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს; ჯანმრთელობის ხელშეწყობის/უზრუნველყოფის აქტივობებს დაგეგმავს და განახორციელებს; ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას განახორციელებს; მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლეების ინფორმაციას მიაწვდის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე იზრუნებს.
2023 წლის 1 იანვრამდე ყველა სკოლაში (საჯარო და კერძო) უნდა ფუნქციონირებდეს სამედიცინო ცენტრი. 2500 სკოლიდან 532 უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო ცენტრით, დასაქმებულია შესაბამისი პერსონალი. სამედიცინო ცენტრების აშენებისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსები. კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი „მეწარმეთა შესახებ“, პროეტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ახალი კანონი ჩაანაცვლებს 1994 წელს მიღბულ კანონს „მეწარმეთა შესახებ“. სახელწოდებების იგივეობის მიუხედავად, მომხსენებლის განმარტებით ეს იქნება თვისობრივად ახალი, ბევრად მაღალი დონის და გაუმჯობესებული, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოებისთვის არსებული მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო აქტი.
„ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელზეც მთლიანად არის დაფუძნებული ქვეყანაში ბიზნესკლიმატის ავკარგიანობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე განმარტებით წარმოდგენილ რეგულაციათა უმრავლესობა სრულ კონსენსუსს ემყარება და მნიშნელოვანია ის ფაქტიც, რომ კონსენსუსი არსებობს თვითონ კანონის შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები შემუშავდა თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული ბიზნესკლიმატის გასაუმჯობესებლად. ის მიზნად ისახავს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, შიდა საკორპორაციო ურთიერთობების უფრო დეტალურ მოწესრიგებასა და, სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, ამ სფეროში გამჭვირვალობის ზრდას. ასევე, კანონპროექტის მიზანია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება. ახალი კანონი, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეების შემოტანასთან ერთად, მკაფიოდ დაარეგულირებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნეს სუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტი ამოქმედდება 2021 წლის პირველი იანვრიდან. კომიტეტმა, დღესვე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia)“ განიხილა, რომელიც კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მომხსენელის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს N1657 განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის N184 ბრძანების საფუძველზე, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას „პროექტი Log In Georgia”, რომლის განსახორციელებლად გამოიყოფა 35.700.000 ევროს ოდენობის დაფინანსება სესხის სახით. სესხის ხანგრძლივობაა 25 წელი.
პროექტის მიზანია ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, ციფრული ინფრასტრუქტურის გარემოს განვითარებისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესების მხარდაჭერა. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ოუფენ ნეტი, რომლის მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (MOESD) და კომუნიკაციების კომისია (ComCom).
პროექტის დასრულების თარიღი: 2025 წლის 31 დეკემბერია.