რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად რამდენიმე ანგარიში მოისმინა

18/12/2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საკითხს კომიტეტის სხდომის დაწყების წინ გამოეხმაურა.

„კოლეგებო, რთულ და მძიმე ვითარებაში გვიწევს დღევანდელი სხდომის წარმართვა. ყველანი შეგვძრა და დაგვამწუხრა ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავმა. მინდა მის ოჯახს და განსაკუთარებით კი ლუკას დედას მივუსამძიმრო და სიმტკიცე ვუსურვო. საქართველოს პარლამენტი დიდი ყურადღებით დააკვირდება საგამოძიებო პროცესს, რადგან კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ყველა ჩვენგანისთვის ეს თემა უნდა იქცეს მთავარ საყურადღებო საკითხად და უნდა მოვახდინოთ სათანადო კონცენტრაცია ამ საქმეზე, რათა დადგინდეს მი/ზეზები და მოხდეს ზედმიწევნით სრულფასოვანი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ახლა ვხედავთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის აქტიურ საგამოძიებო სამუშაოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ვიმედოვნებ, რომ სრული ობიექტურობით და ეფექტიანობით მიიყვანს გამოძიებას ეს ინსტიტუტი ბოლომდე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ყოვლად ამაზრზენია ამ ტრაგედიის პოლიტიკური ამოცანებისთვის ყოველგვარი – პირდაპირი თუ ირიბი ფორმით გამოყენება და ამით ვაჭრობა. მჯერა, რომ ასეთი ტრაგედიები ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას უნდა გვაერთიანებდეს და არა პირიქით, გვყოფდეს, უნდა გვაერთიანებდეს იმისთვის, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვერიოთ პრობლემას, რამაც ეს სამწუხარო და სავალალო შედეგი მოიტანა”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ორ დოკუმენტს. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაა (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)“ საქართველოს მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის, მოკლევადიან პერიოდში საჭიროა დაახლოებით 400-მდე ერთეული ავტობუსი, ხოლო 2-3 წლიან პერიოდში დამატებით 350 ერთეული ავტობუსი. პირველ ეტაპზე ავტობუსები შეძენილ იქნება შედარებით დიდი 6 ქალაქისთვის, სავარაუდოდ: რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ფოთი. აღნიშნული ქალაქებისთვის საჭირო ავტობუსების რაოდენობა განისაზღვრება დაახლოებით 200 ერთეულით, თუმცა პირველ ეტაპზე MRDI განიხილავს 175 ავტობუსის შეძენის შესაძლებლობას.
მომხსენებლის განცხადებით, სესხის თანხა 17 მლნ ევროა, სესხის ხანგრძლივობა კი 10 წელი.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება)“ საფუძველზე კი სესხის თანხა 80 მლნ ევროს შეადგენს. 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისთვის.
მომხსენებელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს ქალაქ თბილისის ავტობუსების პარკების განახლებისათვის საჭირო დაფინანსების მოძიების მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) კონსულტაციების დაწყების თაობაზე. სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტით ჩანაცვლების მიზნით მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებით მოხდეს ახალი ავტობუსების შეძენა. ზემოაღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2016 წელს გაფორმებული პროექტის გაგრძელებას.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის (კ. კანდელაკი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალ მუხლებში (162-ე, 163-ე და 165-ე მუხლებში) ცვლილების შეტანასა და მთავრობისადმი და ცალკეული სამინისტროებისადმი გაცემული ქვემოთ ჩამოთვლილი დავალებებისთვის, ახალი ვადების განსაზღვრას.

მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკისა და წესის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის;
ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით (წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება; გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობების განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტის შემუშავება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა;
ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და მიწის რესურსების, განსაზღვრის მიზნით საკანონმდებლო პროექტის მომზადება და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა.
სხდომის წამყვანის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, კომიტეტმა საკითხს მხარი ტექნიკური მიზეზის გათვალისწინებით არ დაუჭირა. მისი თქმით, ცვლილებების წარმოდგენა დასახელებულ ვადაში ვერ მოესწრება. კომიტეტი იანვრის თვეში დაიწყებს საკითხზე მუშაობას, რათა იქ გამოიკვეთოს რეალური ვადები, რის ფარგლებშიც მოხდება აღნიშნული ვადების განსაზღვრა.

რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად, რამდენიმე ანგარიში მოისმინეს.

„საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაცია კომპანიის მიერ 2019-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების, შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ დეპუტატებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა გიორგი კაპანაძემ წარუდგინეს.
„საქართველოს რეგიონებსა და ქ. თბილისში მყარი ნარჩენების მართვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშით კანონმდებლების წინაშე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი წარსდგა. მან აღნიშნული მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით, ქვეყნის ტერიტორია სრულად იქნება დაფარული და არასახიფათო ნარჩენების მართვის მთელი ციკლი იქნება დასრულებული.

თანამომხსენებელმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თბილისი და ბათუმი ნარჩენების მართვას ახორციელებს დამოუკიდებლად და ეს „ნარჩენების მართვის კოდექსითაც“ იქნა განსაზღვრული. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პირობა ნარჩენების მართვის კოდექსით იყო ის, რომ სახელმწიფო ეტაპობრივად უნდა გადასულიყო ნარჩენების მართვის მთავარ მოდელზე. და ამისთვის მუნიციპალიტეტებს უნდა შეემუშავებინათ შესაბამისი მუნიციპალური სტრატეგია და მართვის ეროვნული გეგმა.

„თბილისის მუნიციპალიტეტმა ეროვნული გეგმა ნარჩენების მართვის დაამტკიცა 2019 წლის ზაფხულში და ყველა ის მოქმედება, რომელიც მუნიციპალიტეტს წლების განმავლობაში აქვს დაგეგმილი, გაწერილია ამ გეგმაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ. მან გეგმით გათვალისწინებულ მთავარ პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა კომიტეტის წევრებს კომპანიის პოლიტიკაზე, საქმიანობაზე და გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა ასევე ანგარიში „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და არსებული მდგომარეობის შესახებ“.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატების მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა და წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მიერ დაყენებული საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობით უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
დღესვე, კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი 162-ე მუხლის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროს, 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ და საქართველოს მთავარობისთვის წარედგინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი გრაფიკი და წესი. „კომიტეტი მიიჩნევს, რომ ვადების ასახვა არის უმნიშვნელოვანესი, პირველ რიგში მუნიციპალიტეტებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი შემოსავლები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასაც“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისი თქმით იყო კომუნიკაცია და დისკუსია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და თავის მხრივ, ისინიც მოუწოდებენ მთავრობას აღნიშნული ვალდებულების შესრულებისკენ. „დასახელებული სამინისტროების მხრიდან კომიტეტი ელის მოისმინოს პასუხი, რა ეტაპზეა სამუშაოები, რას უნდა ველოდოთ ამ ნაწილში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საკითხთან დაკავშირებით პოზიციები გამოხატეს და განმარტებები გააკეთეს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0