რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მთის ეროვნულ საბჭოში შემავალ პარლამენტის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29/01/2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მთის ეროვნულ საბჭოში შემავალ პარლამენტის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვას დაეთმო.
მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა კომიტეტის წევრებს სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო და იმ ძირითად მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება მომავალი სამი წლის განმავლობაში იგეგმება.
მზია გიორგობიანის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა სამ ძირითად მიზანს: მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობას ისახავს და მის ფარგლებში 51 აქტივობის განხორციელება იგეგმება, რომელთა უზრუნველსაყოფად, სამი წლის განმავლობაში, 956 მლნ. ლარი დაიხარჯება. მინისტრის მოადგილემ გეგმით განხორციელებული ღონისძიებების მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების კუთხით მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, სტრატეგიაში ასახული აქტივობები 1798 მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებზე გავრცელდება, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს. სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა დისკუსიით წარიმართა.
პარლამენტის წევრებმა ტურიზმის განვითარების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს და სამოქმედო გეგმაში მათი დეტალურად გაწერის წინადადებები გამოთქვეს. კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე პარლამენტის წევრები წარმოდგენილ პროექტს დეტალურად გაეცნობიან და მთის ეროვნულ საბჭოს და სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს გადაუგზავნიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0