რეგიონული განვითარების ახალი ხედვაა ყველა უწყების ძალისხმევის გაერთიანება

30/01/2019

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მაია ცქიტიშვილი მონაწილეობს პანელში: „საქართველოს რეგიონული განვითარების ახალი ხედვა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები – ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“.

„გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე – პორტებზე, ლოგისტიკურ ცენტრებზე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რაც რეგიონში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ეს და სხვა, ნაკლებად მასშტაბური პროექტები, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას ემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად, სხვა ქალაქებსა თუ დაბებში გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, ახალი სამუშაო ადგილები, რაც უზრუნველყოფს შემოსავალს და სარგებელს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა შესავალ სიტყვაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ბევრი მცირე პროექტი ხორციელდება, რომელიც მაგისტრალურ არტერიებს უკავშირდება.

„რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მოვალეობაა და ახალი ხედავა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ და ამ უწყებების საქმიანობა ერთიან სტრატეგიაში უფრო ეფექტიანი გავხადოთ. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად კოორდინირებულები და ინფრასტრუქტურის განვითარება იყოს არა მხოლოდ ეპიზოდური პროექტები, არამედ, ყველა ეს ობიექტი განვიხილოთ როგორც უფრო დიდი გეგმის, იდეის, სტრატეგიის ნაწილი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ტექნოპარკში მეორე დღეა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0